დრო და … ბედნიერებაზე ბევრად წინ ალბათ ყველას სიტყვა სივრცე გვახსენდება, რადგან ჩვენ ამ სამ განზომილებიან სამყაროში სწორედ დროსა და სივრცეში ვცხოვრობთ, კი არა და ვარსებობთ გარკვეული დროისა და სივრცის განმავლობაში. წარმოიდგინეთ ჩვენი ყოველი წამი მილისეკუნდებად იშლება და იდღაბნება უსასრულო სამყაროში ჩვენი პლანეტის, გალაქტიკის და ლანიაკეას კლასტერის კოსმოსური სიჩქარით სივრცეში ფრენისას. არისტოტელე კი ამბობდა, რომ ვდარდობთ წარსულზე რომელიც აღარ არსებობს, მომავალზე რომელიც ჯერ არ არსებობს და ვცხოვრობთ არ არსებულ წარსულსა და არ არსებულ მომავალს შორისო, მაგრამ სიმართლე ისაა რომ ამ სამყაროში მართლაც რომ არაფერი არ ქრება, პირდაპირი მისი ფიზიკური გაგებით, სხვანაირად რომ აგიხსნათ ჩვენი დრო და სივრცე უსასრულო ფენებად დაშლილი დიდი ფენოვანი ნამცხვარია, რომლის თითოელ უთხელეს ფენებს ჩვენ ვქმნით და ფიზიკური ძალები ჩვენს ირგვლივ, რა თქმა უნდა დიდი ძალები მცირეს ბედს განსაზღვრავს და ამიტომაც არასდროს ვიცით რომელი თხელი ფარატინა ნაგლეჯია ამ სივრცის სადაც ბოლოჯერ გაიელვებს ჩვენი არსებობა.
ხოლო სამყაროს დროის მასშტაბით იმ აბსურდულად მცირე, თითქმის არ არსებობასთან გატოლებულ გაელვებაში, ისეთ მოაზროვნე და შემოქმედ არსების როგორიც ადამიანია, ჩემი აზრით მისი დანიშნულება და ვალდებულებაა იყოს ბედნიერი, გამოასხივოს ბედნიერება და ამ გაელვებაში დატოვოს ბრწყინვალე და მშვენიერი არსებობის სილამაზე. ჩემთვის ბედნიერება არ არის მაინც და მაინც სიხარულის ეიფორია, ხშირად ხალხს სიხარული ბედნიერებაში ერევა ხოლმე. ბედნიერება არის სიკეთეების სისავსე, რომელიც წვეთ-წვეთად გროვდება შენი ყოველდღიური მცირე ნაბიჯებით და ნელ-ნელა ავსებს სიკარგით ყველაფერს ირგვლივ. პირველ რიგში საკუთარ თავს მოგვარო განცდა, რომ გუშინდელზე ოდნავ უკეთესი ხარ დღეს, ბედნიერების ელექსირში მთავარი ინგრედიენტია, ხოლო თვით-დისციპლინას მალევე მოყვება გაუმჯობესება შენს მიღმა, მეგობრები, ახლობლები, ხალხი ვინც შენი საქმიანობის მოზიარეა, გინდ თანამშრომელი და გინდ მომხმარებელი, ადამიანები ვინც შენი მოქმედებებით ჯერ შეუმჩნევლად და მერე აშკარად შედეგობრივი სახით იღებენ უკეთესობას, როცა ეს პროცესი უწყვეტი და დროში განგრძობადია, ბედნიერების განცდა ფარავს ყველაფერს, შენს ირგვლივ ქმნის ისეთ ბედნიერ გარემოს რაც ამ დროში შენს უმცირეს არსებობას საოცრად ალამაზებს.
ადამიანების მიღმა არ მინდა ვთქვა, მაგრამ ძალიან ეგოისტია ადამიანი. ადაიანის მიღმა, ამჩნევ ბუნებას, ცხოველებს, ტყეებს, მდინარეებს, ყვავილებს, მცენარეებს და შენს ოთახში მიმოფანტულ ქოთნის ყვავილებით დაწყებული, ეზოში გაშენებული ვენახით გაგრძელებული ხვდები რომ ამ დროს შენთან ერთად სიცოცხლის კიდევ ბევრი სახე ხატავს კოსმოსური ფერწერის ამ საოცრებას. მერე გინდება, რომ დარგო ხე, არ დაანაგვიანო ბუნება, მოუარო ცხოველს, არა, ვეგანი ვერ გავხდები, ძალიან მიყვარს შემწვარი ხორცი, მაგრამ გიყვარდეს ბუნების ყველა ბინადარი ბედნიერების უდიდესი ნაწილია. მერე ხვდები, რომ ამისთვის სიტყვები პოეზიად და პროზად უკეთესია, გინდება მეტი იკითხო, ხვდები რომ ყველა მხატვარი სხვადასხვა თვალით ხედავდა იგივეს, ეძებ შენს ინსპირაციას მხატვრობაში, უსმენ მუსიკას, გაგიჟებს ბეთხოვენი, მოცარტი, ვივალდი და ბახის “ჰაერი G სიმზე” გაგრძნობინებს ამ ყველაფერს გულის ისეთ კუნჭულში, სადაც ვერავინ და ვერაფერი ჩაგწვდებოდა, საკუთარი თავიც კი, მერე იაზრებ რა ბედნიერი ხარ, რომ დროში ეს ხალხი შენზე ადრე გაჩნდა და შენ ამით ტკბები, უბრალოდ კი არ გიხარია, ბედნიერი ხარ.
სული არ არსებობს. ჩემთვის სამყარო მატერიისა და იდეის უსასრულო ერთობლიობაა, სადაც იდეა ფიქრად არსებობს, ფიქრი ფიზიკური მოვლენაა, რომელიც კონკრეტული ნეირონების უერთიერთ გაცვლით არსებობს, ნეირონები კი აშკარად მატერიაა, რომელიც დროებით შევიწროვებული ენერგიაა კონკრეტულ მოცემულ დროსა და სივრცეში, ენერგია კი თავის მხრივ მატერიისა და იდეის უსასრულო ერთობლიობაა. ჩვენ შემთხვევაში ეს თავის ტვინში ხდება, სხვაგან არ ვიცი როგორ, მაგრამ შესაძლოა სხვაგანაც ხდებოდეს, შესაძლოა ბევრად დიდი მასშტაბითაც ხდებოდეს რაც იძლევა საშუალებას იფიქრონ ღმერთზე, მე ასე არ ვფიქრობ. ღმერთი არ არსებობს. არსებობს სამყარო, სადაც ყველაფერი ხილულია, აქედან საკმაოდ დიდი ნაწილია ხილული ჩვენთვის, უფრო მეტი ვების ტელესკოპისთვის და მომავალში ალბათ ბევრად მეტი ხელოვნური ინტელექტისთვის. იმისთვის, რომ აზრი ჰქონდეს ამ სამყაროს ჩვენთვის, ჩვენს დროში, ამ დროში, მუდმივად უნდა ვიცხოვროთ ბედნიერების შესაქმნელად, დროის წინაშე ჩვენ არ ვმარცხდებით, ჩვენ ვმარცხდებით დროში თუ ის უბედურებითაა სავსე, ამიტომ ერთადერთი აზრი სადაც იწყება და მთავრდება აზრიანი ცხოვრება არის რაც შეიძლება მეტი ბედნიერება განიცადო და განაცდევინო ამ დროში და აქ.
რელიგიური ხალხის წყრომა მესმის წინა პარაგრაფში, მაგრამ აბა დაფიქრდით რამდენად უმადური და გუამაძღარი უნდა იყო, რომ ამბობდე მე ეს ნამცხვარი არ მყოფნის, არ მყოფნის ეს ფენები რასაც გავდივარ ამ საოცრებებით სავსე სამყაროში, არ მყოფნის ის უსაზღვრო სიყვარული რომელიც მიგვიღია, იმდენი სიხარული და კარგი ამბავი, ნიჭები და უნარები, არ მყოფნის არც ერთი ბედნიერება რაც ამ დროში მივიღე, მე მინდა რომ ამ ყველაფრის მერე უსასრულოდ, ვიმეორებ, უსასრულოდ ვიარსებო კიდევ უფრო მეტად ბედნიერად და ვიყო სამყაროს სიდიდის და უფრო დიდის რაღაც წარმოუდგენლად დიდი ძალის ნაწილი… მართლა რა უბედურებაა ასეთი ეგოიზმი, უმადურება და გაუმაძღრობა?! ამიტომ ვერ ვიჯერებ, რომ რელიგიური ხალხი რეალურად პოულობენ ბედნიერებას ნებისმიერ რელიგიაში. ვერ იქნები ადამიანი ბედნიერი აქ თუ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რაც ასე და ამდენად საკმარისზე მეტია, შენთვის არაა საკმარისი და რაღაც უკეთესს ამ დროის მერე ელი?! ვერ იქნები ბედნიერი, როცა მე ვფიქრობ რომ ჩვენი არსებობის აზრი ამ დროში – არის ბედნიერება, რომელიც არა რაიმე ბუტბუტის და ლოცვის, არამედ მხოლოდ საოცარი და ნამდვილი შრომის, ერთგულების, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, სხვებზე ზრუნვის და უკეთესობის შექმნის შედეგია.