აკეთე საქმე კარგად და აკეთე კარგი საქმე

ეს ფრაზა პიტერ დრაკერს ეკუთვნის, “Management is about doing things right; Leadership is about doing the right things.” მართვა არის საქმის კარგად კეთების შესახებ, ხოლო ლიდერობა არის კარგი საქმეების კეთება; საკმაოდ სრულად გადმოცემს განსხვავებას მენეჯერისა და ლიდერის როლებს შორის. საქართველოში და ზოგადად პოსტ-საბჭოთა სივრცეში ლიდერის როლი უფრო სათაურის, თანამდებობის, პოზიციის განმსაზღრელია – ვიდრე მისი ნამდვილი მნიშვნელობის, ანუ ადამიანის ვისაც აქვს ახალი ხედვები, ღირებულებები, მისწრაფებები რაც კარგი საქმეების ინიცირებაში, ხალხისა და სხვა რესურსების მობილიზებასა და ამ საქმეების შესაბამის ადამიანებთან ერთად კეთებაში ითარგმნება.

ცოტა მეტი ვისაუბროთ პრობლემაზე, აბა ბლოგს ისე რა აზრი აქვს. ჩვენთან პიროვნების ლიდერობას გამოხატული კომუნიკაციის უნარები, ზედაპირული მიღწევები (ე.წ. სერთიფიკატები, ჯილდოები, ტელე და სოც ქსელის დაფარვა), ასე ვთქვათ საჯაროობის მოცულობა უფრო მეტად განსაზღვრავს საზოგადოების აღქმაში, ვიდრე მისი ნამდვილი გაკეთებული საქმეები, რომელიც ცვლის ყოფას და რეალობას დროში. საზოგადოების ნამდვილი ლიდერი კი არის კარგი პედაგოგი, რომელიც ათობით და ასობით ბავშვის შთაგონების წყარო ხდება, მეწარმე ვინც ქმნის პროდუქტს და სერვისს ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, აქტივისტები და მოხალისეები ვინც ბუნების დაცვიდან დაწყებული ადამიანის უფლებებით გაგრძელებული იბრძვიან ყოველდღიურად, ინდივიდები ვინც უამრავი სხვა ყოფითი, ფილოსოფიური, გრძელვადიანი თუ ყოველდღიური მნიშვნელობის სფეროებში ქმნიან ცვლილებას, ამ ადამიანების საუკეთესო ნაწილის უმრავლესობა კი საერთოდ მოშორებულია საჯარო თვალს და მათ მიერ ნაკეთები საქმეებიდან სიკეთის მიღების მიუხედავად ხალხის დიდმა ნაწილმა არც კი იცის მათი არსებობის შესახებ.

ფინანსური, საცალო, იმპორტის, ტურისტული და საკომუნიკაციო ბიზნეს სექტორების წყალობით მენეჯერული პოზიციების განვითარება საქართველოში ნამდვილად სამაგალითოა ჩვენს რეგიონში და შეიძლება ითქვას ევროპის და მსოფლიო მასშტაბითაც. განსაკუთრებით საბანკო სექტორში როგორც მაღალი ისე საშუალო რგოლის მენეჯერები საერთაშორისო განათლებით, გამოცდილებით, ეფექტურობით და თანამედროვე მიდგომებით არ ჩამოუვარდებიან მსოფლიო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს, რაც ართულებს საფინანსო ინსტიტუტებისთვის მათ შენარჩუნებას და სამწხუაროდ ზოგადად კარგი მენეჯერების დიდი ნაწილი 2010-იან და 20-იანი წლების დასაწყისში სავარაუდოდ სამუდამოდ გაედინება ქვეყნიდან, ვინაიდან ანაზღაურება თითქმის მესამედია იმის რასაც საზღვარგარეთ აგენერირებენ.

კარგი მენეჯერის მთავარი უნარებია სიტუაციის სწრაფი აღქმა, დავალებების სწორი დელეგირება, სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, გეგმისა და შედეგის მუდმივი სინქრონი, ხალისიანი და შთაგონებით სავსე სამუშაო გარემოს შექმნა. ეს ჩამონათვალი ალბათ ას პოსტად შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ეს არის ის რაც წყვეტს მენეჯერის წარმატებას კარიერაში. კერძო სექტორში ასე თუ ისე კარგად ვართ, თუმცა სახელმწიფო და მუნიციპალური სექტორის მენეჯერების დიდ ნაწილს არა თუ ამ მიმართულებით უჭირს, ზოგადად აცდენილი არიან მენეჯერის როლის მთლიანობაში აღქმას, რაც აისახება კიდეც მათ ეფექტურობასა და ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების დაბალ ხარისხზე.

თუმცა ძალიან ბევრი ლიდერული უნარჩვევების მქონე ახალგაზრდა კარგავს პოტენციალს მენეჯერულ პოზიციებზე საჭიროზე მეტი დროით დასაქამებისას, რაც მთლიანობაში პირადად მათ ინდივიდუალურ იმედგაცრუებებს აძლევს (მიუხედავად კარიერული წინ სვლისა) და საზოგადოება ლიდერების დიდ დანაკლისს განიცდის. რაში გვეტყობა ეს დანაკლისი? ქვეყანა სავსეა გამოწვევებით ყველა მიმართულებით და არავინ ჩანს ირგვლივ ვინც ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე რეალურად მუშაობს, საქმეს აკეთებს და აუმჯობესებს გარემოს. ისე გლეხურად რომ ვისაუბროთ, ზოგადად პრობლემების 70% სამოქალაქო სექტორის გადასაჭრელია და არა მთავრობის, მე თუ მკითხავთ 90%-იც კი, მთავრობის ფუნქცია გამართული ფუნქციონირებაა იმ სერვისების რაც კანონთან მიმართებაში მოქალაქის ცხოვრებას აადვილებს – სხვა დანარჩენი მთლიანად მოქალაქის საქმეა. რაც უფრო ნაკლები სახელმწიფო შპს იარსებებს – მით უფრო მეტი ხარისხით შესრულდება ყველა სერვისის მიწოდება, რკინიგზით დაწყებული და სკვერების კეთილმოწყობით დასრულებული – მაგრამ ეს რომ მოხდეს, აუცილებელია საზოგადოებაში იზრდებოდნენ ახალი ლიდერები, რომ ყველა ეს მიმართულება კონკრეტულმა პიროვნებებმა ხელში აიღონ, განსაზღვრონ რა არის ის “კარგი საქმე” რისთვისაც მობილიზებაა საჭირო, დაინახონ საკუთარი სარგებელი, მოარგონ პროცესები რეალობას და შესაბამისი რესურსებით გააკეთონ არჩეული “საქმე კარგად” მაღალი მენეჯმენტის კლასით.

სახელმწიფო მოხელე (თანამდებობის პირი) და პოლიტიკოსი – მენეჯერი თუ ლიდერი? ვინ ვინ არის? სახელმწიფო მოხელე იგივე თანამდებობის პირი დაწყებული პრემიერიდან დასრულებული სამართველოს უფროსამდე არის მენეჯერი, ხოლო პოლიტიკოსი არის (უნდა იყოს) ლიდერი. რა თქმა უნდა შესაძლებელია პოლიტიკოსი იყო კარგი მენეჯერი, თუმცა ხშირად ეს ასე არ ხდება. ამის დიდი მაგალითები გვაქვს წარსულიდან, უმაღლესი თანამდებობის პირების ისტორიებიდან. მაგალითად ზვიად გამსახურდია იყო შესანიშნავი პოლიტიკოსი და ლიდერი, სხვაგვარად მის ირგვლივ ის მუხტი არ გაჩნდებოდა, მაგრამ ის არ იყო სახელმწიფო მოხელე და იყო საოცრად ცუდი მენეჯერი, ასეთ პიროვნებას მალევე უნდა დაეტოვებინა პოსტი არჩევიდან (ლანდშაპტის შეცვლიდან) და გაეგრძელებინა მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობა, ხოლო მართვა გადაებარებინა კარგი მენეჯერისთვის. ეს ასე არ მოხდა და მივიღეთ ომი, უამრავი შეცდომა, დაკარგული ათწლეულები. ამიტომ მარტივად რომ შევაჯამოთ, პოლიტიკოსი რომელიც კარგი ლიდერია და თან შეუძლია იყოს კარგი მოხელე და მენეჯერი საკმაოდ დიდი იშვიათობაა. ბიძინა ივანიშვილს მართვა ნამდვილად კარგად გამოსდის (მეთოდები მუდამ სადაოა), მაგრამ პოლიტიკოსობა მისი ძლიერი მხარე არ არის და არც დაიჩემა, სწორედ ამიტომაც არის ძალაუფლებაში 2012 წლიდან. მეორეს მხრივ მისი იმიჯის შენარჩუნებისთვის არც სხვა ძლიერი პოლიტიკოსები გაუშვა წინ და საზოგადოება დატოვა ზოგადად გამოხატული ლიდერის გარეშე. ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითი ის არის, რომ მთლიანობაში კარგია კერპებისადმი ლტოლვის შემცირება პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში რომელიც ევროპისკენ მიდის, ცუდი კი ის არის, რომ საზოგადოებაში გაიზრდა ნიჰილიზმი და უიმედობა, რაც წლებია ცლის ქვეყანას ადამიანური რესურსებისგან.

დღეს 2000 და 2010-იანი წლის შემდეგ დაბადებული თაობა განიცდის სიღრმისეულობის დიდ დანაკლისს. ორ წამიანი ვიდეო კონტენტის ყურება, დარღვეული კონცენტრაცია, დანაწევრებული და უშინაარსო ინფორმაცია, ესტეთიკის და კულტურის განუვითარებლობა, ზოგადი ინტელექტის დაბალი დონე – ამ სირთულეებით ძნელია ისაუბრო რაიმეს მართვაზე ან სადმე ლიდერობაზე. თუმცა რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც, რაც იძლევა ნათელი მომავლის იმედს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალმა თაობამ ძირეულად აღიქვას განსხვავება ლიდერსა და მენეჯერს შორის, დაინახოს საკუთარი თავი ერთი ან ორივე მიმართულებით და მოახდინოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია. ეს მოხდა ყველა წამყვან ქვეყანაში ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, რის შემდეგაც ქვეყანა ემსგავსება ქვეყანას, იქმნება სტაბილური და მშვიდი განვითარების გარემო.


Posted

in

by

Tags: