რისთვის იწყებ ბიზნესს?

მოდი ვისაუბროთ ფულზე. ერთერთი დიდი შეცდომა რასაც მშობლები ბავშვებთან და პედაგოგები მოსწავლეებთან უშვებენ არის ბავშვის არასწორი მოტივაციის აგება ფულთან მიმართებაში. ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ხდება ამ თემის ირგვლივ ყურადღების გამახვილება თინეიჯერობის ასაკამდე, ხოლო შემდეგ ხდება არასწორად. “არ დახარჯო”, “შენ რა იცი ფულის გაკეთება რა რთულია” და მსგავსი მარტივი წინადადებებით შემოიფარგლება ხოლმე ხელფასამდე გამწარებული მშობელი. დიდად განსხვავებული არც შეძლებული ოჯახების მანტრაა. სკოლაში კი ეს თემა პრაქტიკულად არ არსებობს, პედაგოგს ეთაკილება კიდეც ფულზე საუბარი.

ფულს თუ არ დავხარჯავთ – ვერც ვიშოვით. პირველ რიგში ფულის სწორად ხარჯვა უნდა ვისწავლოთ. მაგრამ ამისთვის უნდა გვესმოდეს ფულის არსი. ფულთან შესაძლოა გამოვიყენოთ მხოლოდ სამი ზმნა და შესაბამისი მოქმედება: ხარჯვა, ინვესტიცია და კაპიტალიზაცია. პირველი ყველას გვეხება და ზოგადი აზრი, რომ მინიმიზაცია მოვახდინოთ ხარჯვის სწორია – თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ისეთი რამის დანაკლისის ხარჯზე, რაც შემდგომში ფულის შოვნას ხელს უშლის. ეს ამბავი კი ყველასთვის ასე თუ ისე ინდივიდუალურია. ამიტომ ერთი, სამი ან ხუთი წესი თუ როგორ ხარჯოთ ფული სინამდვილეში არ არსებობს – არსებობს მხოლოდ სწორი მიდგომა, ხარჯე დღეს ისე რომ ხელი შეუწყო შენ თავს ხვალ იშოვო ბევრად მეტი. თუ ამ მიდგომას შენი დანახარჯი ეწინააღმდეგება მაშინ განწირული ხართ სიღარიბისთვის იმისდა მიუხედავად 5 ლარს ხარჯავთ თუ 50-ს. ინვესტიცია კი შეგვეხება მაშინვე, როცა იმაზე მეტ ფულს გამოვიმუშავებთ ვიდრე ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვისაა აუცილებელი. ანუ ნებისმიერი თანხა, რომელიც თვის ბოლოს არ/ვერ დახარჯეთ უნდა წავიდეს ინვესტიციებში. ეს არის ფულის ჩადება ისეთ მოქმედებაში, რომელიც ქმნის და ინარჩუნებს დოვლათს. თქვენ შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ სხვასთან (ყველაზე მარტივია ბანკი ანაბარი), სხვისი ბიზნესი, აქციები, ფასიანი ქაღალდები ან თავად დაიწყოთ საქმიანობა და განახორციელოთ ინვესტიციები საკუთარ ბიზნესში. ინვესტიციის მთავარი მიდგომაა ფული ჩადოთ რისკიან და მომგებიან საქმეში, სადაც მრავალი სცენარით გაქვთ გააზრებული ცუდ შემთხვევაში როგორ აზღვევთ დანაკარგს. მას შემდეგ რაც წარმატებით შევძლებთ მრავალი ინვესტიციის განხორციელებას, დავაგროვებთ ჭარბ ფულს შესაბამისი მოგებებიდან დგება მესამე ეტაპი, როცა ვიწყებთ ინვესტიციებიდან მიღებული ფულის კაპიტალიზაციას სხვადასხვა უფრო მყარი და მზარდი გარანტიებით. მეტწილად ეს ეხება დიდი კორპორაციების აქციების შეძენას ან უძრავი ქონებების შექმნასა და მართვას, სადაც თქვენი კაპიტალი იცვლის ადგილს, მოძრაობს კორპორაციებს, სხვადასხვა ინტერესებს, დარგებსა და ქვეყნებს შორის, მაგრამ ყოველთვის აგენერირებს უფრო და უფრო მეტ ფულს. ამისთვის არსებობს კაპიტალისა და სიმდიდრის მართვის კორპორაციები, თუმცა როგორც წინა ეტაპებზე წარმატების ბედს მაინც თავად განსაზღვრავთ საკუთარი პოტენციალიდან მიღებული გადაწვყეტილებებით.

ასე რომ, ბიზნესს ვიწყებთ მხოლოდ ფულის გასაკეთებლად და სხვა დანარჩენი ე.წ. პიარ სფიჩია. რა თქმა უნდა ნებისმიერი ბიზნესი თავისთავად იმიტომ არსებობს, რომ ის ქმნის უკეთესობას და აკმაყოფილებს მოთხოვნებს ბაზარზე – თუმცა მეწარმეების მხრიდან ამ ფაქტორებზე ხაზგასმა, რომ რა მადლიერი და ქედმოხრილი უნდა იყოს საზოგადოება მათ წინაშე ვფიქრობ პათეტიკურია. შესაბამისად თუ შენ ხარ ახალგაზრდა და ამას კითხულობ, უნდა შევთანხმდეთ – შენ იწყებ ბიზნესს, რომ შენ მხოლოდ შენთვის გააკეთო შენი ბევრი ფული.


Posted

in

by

Tags: